Friday, April 20, 2012

სვანეთი


სვანეთი


                          სვანური ტრადიციები და წეს-ჩვეულებები
სვანეთი ერთ-ერთი ულამაზესი და უძველესი კუთხეა საქართველოში, სტუმართმოყვარეობითა და შრომისმოყვარეობით განთქმული მასპინძლებით.  სვანები თავისებური და ამაყი ხალხია. ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე მათ შესახებ წერს: “სვანები თითქმის საუკეთესონი არიან სიმამაცისა და ძალის მხრივ: ფლობენ ისინი ირგვლივ (ყველაფერს) და უპყრიათ კავკასიონის მწვერვალები…“. სვანეთში დღემდე შენარჩუნებულია ძირძველი ტრადიციებისა და სარწმუნოებრივ წეს-ჩვეულებები და დიდი ადგილი უკავია სვანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
სვანეთში მოპოვებულ ოქროს უკავშირდება მითი არგონავტების შესახებ. სვანეთის მდინარეებს ოქრონარევი ქვიშა მოჰქონდა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა  ოქროს ცხვრის ტყავით მოიპოვებდნენ. სვანების მიერ ოქროს მოპოვების შესახებ იცოდნენ ბერძენმა და რომაელმა მწერლებმა. არგონავტებიც ოქროს საწმისის – ვერძის ოქროს მატყლიანი ტყავის მოპოვების სურვილმა მოიყვანა კოლხეთის სამეფომდე, რომლის შემადგენელი ნაწილი იყო სვანეთი. კოლხეთის სამეფოს და მეფე აიეტს ოქრო სვანეთიდან მიეწოდებოდა. აქ დღესაც დასტურდება ოქროს მოპოვების ხალხური წესები.
მთაში ძველთაგანვე არსებობდა თემის ინსტიტუტი, რომელსაც ხევისბერი მეთაურობდა. ხევისბერს სვანეთში – მახვშს უწოდებდნენ. მას საერთო კრება ირჩევდა. მახვში გამოირჩეოდა გონიერებით, დარბაისლობით, სამართლიანობით. ის ცხოვრებაში ქრისტიანული წესების გამტარებელი, მშვიდობიანობის დროს მსაჯული, ხოლო ომიანობაში ლაშქრის წინამძღოლი იყო. დამნაშავეს მახვში კიცხავდა და თემიდან მოჰკვეთდა. “მოკვეთილისათვის ყველა კარი დაკეტილი იყო, წისქვილში საფქვავს არავინ დაუფქვავდა, ხატ-სალოცავში არ მიუშვებდა, მის საქონელსაც არ გააკარებდნენ სოფლის ნახირს” (ვაჟა ფშაველა). განსაკუთრებული დანაშაულის შემთხვევაში მახვში უძღვებოდა ხევის ყრილობას, რომელიც აჰყრიდა დამნაშავეებს თემიდან და სახლ-კარს გადაუწვავდა. უმძიმესი დანაშაულისას, მაგ. თემის ღალატისას, ყრილობას სასიკვდილო განაჩენიც კი გამოჰქონდა.
ყოველგვარ სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის საქმეს ადგილობრივ სასამართლოში განიხილავდნენ მსაჯულები, რომლებსაც სვანეთში “მორვებს” უწოდებდნენ. მათ ირჩევდნენ ორივე მოდავე მხარედან. მორვები მოდავე მხარეებს გულდასმით უსმენდნენ. მოლაპარეკების პროცესი ხშირად წლების განვალობაში გრძელდებოდა. როცა ყველაფერი გაირკვეოდა და დაზუსტდებოდა, ხატზე ფიცის დასადებად გადიოდნენ. დაფიცების შემდეგ განაჩენის ობიექტურობაში ეჭვი არავის ეპარებოდა და მორვებიც გადაწყვეტილებას ღებულობდნენ. განაჩენის გამოტანისას მოსამართლეები ქვას ჩაფლავდნენ მიწაში, რაც საქმის დამთავრებას ნიშნავდა და მოდავე მხარეების შერიგებით მთავრდებოდა.
ერთ-ერთი ასევე ძველისძველი ტრადიციაა: “სისხლის აღება”. სვანები თავისიანის სისხლს არავის შეარჩენენ, ისინი მკვლელის გვარიდან იმდენ ადამიანს კლავენ რამდენიც მათ მოუკლეს თავისი გვარიდან და ამით ანგარიშს ასწორებენ.

No comments:

Post a Comment