Tuesday, June 5, 2012

მესხეთის ტრადიციები


mesxeTis tradiciebi
      საქართველოს ძირძველი კუთხის, მესხეთის ამ პატარა რაიონში დიდი ადგილი უჭირავს კუთხურ ტრადიციებს, ადათ - წესებს, რომელთა შორის გამოირჩევა სტუმართმოყვარეობა, მშობლის პატივისცემა, ქალისადმი თაყვანისცემა, მოხუცისადმი მოკრძალება , თანადგომა შრომაში, ჭირსა და ლხინში.
ტრადიციებით მდიდარ ამ კუთხეში ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო კვირას იმართება სახალხო დღესასწაული _ „შოთაობა,“ რუსთაველის მშობლიურ სოფელ რუსთავში. ამ დღესასწაულს საფუძველი ჩაეყარა 1966 წელს. ამ ღონისძიებას ორგანიზებას უკეთებს დაბის მუნიციპალიტეტი.
ეს დღესასწაული ნამდვილი პოეზიის დღეობაა. ამ დროს სოფ. რუსთავში იკრიბებიან საქართველოს ყველა კუთხიდან სახალხო მთქმელები, ცნობილი პოეტები და მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, მთარგმელები, უცხოელი სტუმრები. 
შოთაობასახალხო დღესასწაულისათვის დამახასიათებელი ყოველი წესის დაცვით იმართება. ისმის ქართული ხალხური ჰანგები, კითხულობენ ლექსებს, ჩანახატებს. გაჩაღებულია ცეკვა .
რაიონის ყოველ სოფელს მოწყობილი აქვს საკუთარიფაცხები“, სადაც შემოდგომის ნობათთან ერთად გამოფენილია ხალხური რეწვის ნიმუშები. 
აქვე იმართება შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში, დოღი, „საჯილდაო ქვადა მრავალი თამაში.
ასევე სახალხო დღესასწაულიაასპინძობა“, რომელიც აღინიშნება ხან 27 ოქტომბერს(ეს ასპინძის რაიონად გამოცხადების დღეა 1939.), ხან 20 აპრილს ( ასპინძის ომის დღე).
ასპინძობალამაზი და ხალისიანი დღესასწაულია, თუმცა მაშტაბურად ვერ უტოლდებაშოთაობას.“ 
როგორც საზოგადოდ ყველა ქართველი, მესხი კაციც, ერთგული დამცველია ადათ- წესების. 
აქ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ნათლობის ტრადიციას. ხშირად გვარი - გვარს, ოჯახი - ოჯახს ნათლავს და ეს გადადის თაობიდან თაობაზე. მათ შორის როლების შეცვლა არ შეიძლება.
ნათელ - მირონობა ჩვენში სისხლის ნათესაობაზე წინ დგას და მე-12 თაობამდე გრძელდება. ნათლიას უდიდეს პატივს სცემენ. ჩვენში ასეც კი იტყვიან: „ნათლია ბანზე რომ გადაივლის, ნათლიდედა შინ ფეხზე უნდა ადგესო“...
ასპინძაში წესია, რომ ახალი წლის პირველ დღეს ნათლული ძღვენით უნდა ეწვიოს ნათლიის ოჯახს და პირველი მათ უნდა მიულოცოს ბედნიერი წლის დადგომა. ეს ტრადიცია ძველია და დღესაც არ ღალატობენ.
წარსულში მტკიცედ იცავდნენ ქორწინების წმიდათა - წმიდა რიტუალს.
დღეს ყველაფერი შეიცვალა. ასპინძაში მოსახლეობის სიჭრელეა. აქ მესხების გვერდით ცხოვრობენ იმერლები, მთიულები, აჭარლები, სომხები და რუსები, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ქორწინებისა და დაკრძალვის წეს - ჩვეულებაზე.
ასპინძაში დღეს ქორწინება ისევე მიმდინარეობს, როგორც საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა თუ სოფელში: ნახულობა, პირობის გამოტანა, ნიშნობა, ქორწილი. ეს ყველაფერი დღეს გათანამედროვებული სახითაა. ქორწილი დღესაც ლამაზი და ელფეროვანია. 
ასპინძელი კაცი ხომ ცნობილია სტუ მართმოყვარეობით, საუკეთესო მასპინძლობით. ( ასპინძელი ხომ ლეგენდის მიხედვით მასპინძელს ნიშნავს).
თუ ძველად კარჩაკეტილი ცხოვრება იყო და სხვა კუთხესთან მოყვარეობა იშვიათობას წარმოადგენდა, დღესდღეობით თითქმის ყველა კუთხესთან და ერებთან აქვთ მესხებს მოყვრობა.
მესხებმა მიცვალებულის გაპატიოსნებაც ღირსეულად იციან, თუმცა ბევრი ცვლილებაა წინაპრებისაგან გადმოცემულ წეს-ჩვეულებაში.
მიცვალებულს მეექვსე დღეს კრძალავენ, ძირითადად საგვარეულო სამარხში. ჭირისუფალი 40 დღე მძიმე შავებით არის შემოსილი და წლამდე შავებით გლოვობს. ხოლო მამაკაცები 40 დღე წვერს ატარებენ.
დაკრძალვას მოჰყვება ქელეხი დიდი სუფრით, რაც ნამდვილად არ არის მისაღები და ლამაზი. ამ მავნე ჩვევამ ძლიერად მოიკიდა ფეხი და ჭირისუფალს მიცვალებულზე მეტად, ქელეხზე უწევს ზრუნვა. ამას მოჰყვება ხალხმრავალი ორმოცი, წლისთავი, ძვირფასად მოწყობილი საფლავი. 

რამოდენიმე წელია, რაც ასპინძაში ეკლესია გახდა მოქმედი და გაჩნდა მრევლი. აღდგა წირვა-ლოცვის, ჯვრის წერის, ნათლობის, ზიარების ტრადიცია.

No comments:

Post a Comment